შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 13 ივლისს თბილისში, სვანეთსა და ქუთაისში "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული 13 პირი ამ სამყაროს წევრობისა და მისი საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობებში. კერძოდ, საქმე ეხება ფინანსური დავებისა და სხვა სადავო საკითხების "ქურდული წესით" გადაწყვეტას.
ამასთანავე, შსს-ს თქმით, აწყობდნენ "ქურდულ გარჩევებს" და სხვებზე ახორციელებდნენ სიტყვიერ თუ ძალისმიერ მუქარას.
""ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები, "ქურდული სამყაროს" წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, წარადგენდნენ საკუთარ მოსაზრებებს, აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებას.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ "კანონიერ ქურდს", ნ.ფ.-ს მეტსახელად "ბურდღუნიჩს" მიმართეს", - წერია შინაგან სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ჩხრეკისას პოლიციელებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულთა ტელეფონები და სხვა კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, პოლიციელებმა ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს.